აშშ-ჩინეთი

ბაიდენის ადმინისტრაციის და ჩინეთის მაღალჩინოსნები შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსა და კომუნისტური ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ალასკაში პირველი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. მისასალმებელი სიტყვა, რაც, როგორც წესი რამდენიმე წუთს გრძელდება ხოლმე, ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რა დროსაც მხარეებმა იკამათეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი შეხვდნენ ჩინელ დიპლომატსა და საგარეო საქმეთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელს იენგ ძიეჩის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობას და ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

ბლინკენმა მათთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, დიპლომატიით წინ გაუძღვეს აშშ-ს ინტერესებს და გააძლიეროს კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.

"კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ალტერნატივა არის ის, რომ ძლიერი ადგენდეს წესებს და გამარჯვებულს ხვდებოდეს ყველაფერი. ეს ძალადობით სავსე და ძალზე არასტაბილური მსოფლიო იქნება ყველა ჩვენგანისთვის". - თქვა მან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ამერიკა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს სინძიანგში, ჰონგ-კონგსა და ტაივანში ჩინეთის ქმედებების გამო, ასევე ჩინეთის მიერ აშშ-ზე კიბერთავდასხმისა და მათ მოკავშირეებზე ეკონომიკური წნეხის გამო.

"ყველა ეს ქმედება საფრთხეს უქმნის კანონზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც ინარჩუნებს საერთაშორისო სტაბილურობას. ეს არ არის მხოლოდ საშინაო საქმეები და სწორედ ამიტომ ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ დღეს ეს საკითხები წამოვჭრათ". - აღნიშნა ბლინკენმა.

მან ხელახლა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან იქნება კონკურენტული, სადაც ეს საჭირო იქნება, კოლაბორაციული, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება და დაპირისპირებული, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.

ბლინკენმა ჩინელ მაღალჩინონსებთან ასევე ახსენა წინა დღეებში აშშ-ს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირეებთან, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში ვიზიტი და თქვა, რომ ისინიც ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ ამ შეხვედრით. ალიანსებსა და პარტნიორებზე საუბრისას ჯეიკ სალივანმა გაიხსენა ქუადის შეხვედრა, რომლის წევრები იზიარებენ "თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთის ხედვას.

ბლინკენის სიტყვებს აშშ-ს შეშფოთებაზე ჩინეთის ქმედებების გამო სალივანმა დაამატა, რომ მთელი მსოფლიოდან, საერთაშორისო საზოგადოებისგან გაისმის ხმა ამ შეშფოთების შესახებ.

"ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი, მაგრამ მივესალმებით მკაცრ კონკურენციას და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს პრინციპებს ჩვენი ხალხისა და ჩვენი მეგობრებისთვის". - თქვა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების დარგში, ჯეიკ სალივნამა.

იენგ ძიეჩი, სიტყვით გამოსვლისას, რაც 15 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან ირწმუნებოდა, რომ მათი ღირებულებები იგივეა, რაც კაცობრიობის ძირითადი ღირებულებები - "მშვიდობა, განვითარება, სამართლიანობა, სამართალი, თავისუფლება და დემოკრატია".

კომუნისტური ჩინეთის დიპლომატმა თქვა, რომ ჩინეთი მისდევს საერთაშორისო წესრიგს საერთაშორისო სამართლის თანახმად და გაეროს საერთაშორისო სისტემას და არა "მცირე ქვეყნების მიერ ადვოკატირებულ ე.წ. "კანონზე დამყარებულ" საერთაშორისო წესრიგს. და აშშ-ს აქვს თავისი სტილის, ხოლო ჩინეთს თავისი სტილის დემოკრატია".

იენგ ძიეჩიმ ასევე თქვა, რომ ომებს ამ მსოფლიოში "სხვები იწყებენ" და ჩინეთი კი "სხვა ქვეყნებს სთხოვს, რომ ისინი მშვიდობის გზას გაჰყვნენ".

"ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მ შეიცვალოს თავისი იმიჯი და შეწყვიტოს დემოკრატიის გავრცელება დანარჩენ სამყაროში. აშშ-ში ძალიან ბევრს ნაკლებად სჯერა აშშ-ს დემოკრატიისა და მათ სხვადასხვა ხედვა აქვთ აშშ-ს მთავრობისა". ამავდროულად იენგი ირწმუნება, რომ "გამოკითხვების თანახმად", ჩინეთში ჩინეთის მთავრობას დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

მან ასევე თქვა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა უნდა შეიცვალონ "ცივი ომის დროინდელი მენტალიტეტი".

იენგ ძიეჩიმ, მისი თქმით, აშშ მისი დემოკრატიის პრობლემებისთვის გააკრიტიკა, ასევე გააკრიტიკა მისი საგარეო და სავაჭრო პოლიტიკაც.

"ის ბოროტად იყენებს ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების წარმოდგენებს ნორმალური სავაჭრო გაცვლების დასაბრკოლებლად და ზოგიერთ ქვეყანას აქეზებს, თავს დაესხას ჩინეთს" - დასძინა მან.

იაპონიისა და სამხრეთ კორეის შესახებ მან ბლინკენს მიუგო, რომ ეს ქვეყნები ჩინეთის მეორე და მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, ASEAN-ი კი - უმსხვილესია. სინძიანგზე, ტიბეტსა და ტაივანზე კი თქვა, რომ ის ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და იგი წინააღმდეგია აშშ- ს მხრიდან "ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევისა" და ასეთ ქმედებას "მკაცრ პასუხს გასცემენ".

კომუნისტური ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევაზე კი მან ილაპარაკა ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აშშ-ში და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა ამას "გააუმჯობესებს".

მან არც კიბერთავდასხმაზე თქვა რამე და, პირიქით, ამაშიც აშშ დაადანაშაულა და განაცხადა: " ამ თვალსაზრისით აშშ ჩემპიონია". იენგმა ასევე განაცხადა, რომ "არც მხოლოდ აშშ-ა საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი და არც დასავლური სამყარო".

იენგის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, აღნიშნა, რომ ჩინეთი არ მიიღებს აშშ-ს მხრიდან "დაუსაბუთებელ ბრალდებებს".

მან, ასევე, შეხვედრის წინა დღეს გააკრიტიკა აშშ-ს მიერ ჩინეთისთვის სანქციების დაწესება. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-მ ჩინელ და ჰონგ-კონგელ მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის.

ენტონი ბლინკენმა და ჯეიკ სალივანმა ჩინეთის მაღალჩინოსნები უპასუხოდ არ დატოვეს.

ბლინკენმა თქვა: „ასობით ჩემს კოლეგას ველაპარაკე მთელ მსოფლიოში და უნდა გითხრათ, რომ, ის, რაც მე მესმის, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც თქვენ აღწერთ. მე ვიგებ, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ ამერიკა დაბრუნდა და ჩვენ ხელახლა ჩართულები ვართ ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. მე ასევე მესმის დიდი შეშფოთება იმ ქმედებების გამო, რასაც თქვენი მთავრობა სჩადის".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში მათი ჩართულობა - ალიანსები და პარტნიორობა აგებულია სრულ ნებაყოფლობითობაზე. ბლინკენმა ასევე თქვა, რომ აშშ აღიარებს, რომ ის სრულყოფილი არ არის და შეცდომებსაც უშვებს.

"თუმცა ისტორიის განმავლობაში ჩვენ სულ ვეწინააღმდეგებოდით ამ გამოწვევებს ღიად, საჯაროდ, გამჭვირვალედ, არ უგულებელვყოფდით მათ და თავს არ ვიტყუებდით, რომ თითქოს ისინი არ არსებობს." - მან აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე აშშ აქედან სულ უფრო ძლიერი, უკეთესი და გაერთიანებული გამოდიოდა.

ბლინკენმა გაიხსენა თავისი და ჯო ბაიდენის ვიზიტი ჩინეთში, როდესაც ბაიდენმა თქვა: "არასოდეს არ არის კარგი, რომ ფსონს ამერიკის წინააღმდეგ ჩამოხვიდე და ეს დღესაც მართალია".

იენგმა და ვანგმაც კრიტიკით უპასუხეს მათ. იენგი დაიმუქრა, რომ, თუ ვინმეს ჩინელი ხალხის დათრგუნვა ან დაჩაგვრა სურს, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ს არა აქვს და არც 20-30 წლის წინ ჰონდა იმის კვალიფიკაცია, რომ ჩინეთთან "სიძლიერის პოზიციიდან" ელაპარაკა.

მხარეები შეხვედრის სტატუსზეც ვერ თანხმდებიან. მაშინ, როდესაც ჩინეთი შეხვედრას "სტრატეგიულ დიალოგს" უწოდებს, აშშ ამას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ერთჯერადი სესიაა.

"ჩვენ სესია გამოვიყენეთ, რათა გამოგვეკვეთა ჩვენი ინტერესები და პრიორიტეტები და იგივე მოვისმინეთ ჩინელი კოლეგებისგან". - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. მისივე თქმით, შეხვედრის მესამე სესია 19 მარტს, დილითაა დაგეგმილი.

კომენტარები