რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

TDI: სახელმწიფოს არ აქვს რასიზმთან გამკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია

21 მარტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტოლერანტობის კულტურისა და თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა, შეუწყნარებლობასა და რასობრივ ცრურწმენებთან, სტერეოტიპებთან ბრძოლაა. რასიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განცხადებას ავრცელებს.  

"საკითხის მნიშვნელობისა და არსებული პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს რასიზმთან განმკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია; სამართალდამცავ უწყებებში არ არსებობს რასიზმისა და რასობრივი გამორჩევის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია; რასიზმის დასაძლევად კონკრეტულ ღონისძიებებს არც მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.

საზოგადოებაში უცხოელებისა და მიგრანტების მიმართ უარყოფითი, ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს პოლიტიკოსების პოპულისტური, ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული რიტორიკაც." – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის თანახმად ისევე როგორც მსოფლიოში საქართველოშიც ძლიერდებიან რასისტული, რასისტული, ქსენოფობიური და ნეოფაშისტური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან მიგრანტებს, ებრაელებს, მუსლიმებს, სხვადასხვა რწმენისა და ეთნოსის ადამიანებს.

"მაგალითად, საქმის მასალებისა და მოწმეების ჩვენებით იკვეთება, რომ 2018 წელს 25 წლის უფლებამდაცველი ვიტალი საფაროვი სწორედ რასობრივი შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის  საფუძველზე მოკლეს. მოწმეების ჩვენების მიუხედავად, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საფაროვი იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელი იყო, სასამართლომ არ გამოკვეთა საქმეში სიძულვილის მოტივი და განსასჯელები დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო." – ნათქვამია განცხადებაში. 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის თანახმად უცხიელებთან მიმართებით პრობლემურია სახელმწიფო პოლიტიკაც – გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება უჭირთ. "სახელმწიფო მათ ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარს, ხშირად, დაუსაბუთებელი, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ეუბნება."

"საქართველოში სწავლისა და მუშაობის მიზნით მცხოვრები უცხოელები, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები, TDI-სთან ყვებიან, რომ ზოგჯერ ბინას ვერ ქირაობენ განსხვავებული კანის ფერის თუ ეროვნების გამო; რასიზმის შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში მომსახურების მიღებისას, პოლიციასთან ურთიერთობისას და ა.შ.". - ამბობს ორგანიზაცია და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ  TDI-ის ანგარიშზე მიუთითებს.

TDI-ს განცხადება ასევე ეხება ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში რასიზმის შემთხვევებს.

"საქართველოში რასიზმი გვხვდება ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, მაგალითად, მოცემულია დავალებები და კითხვები მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურის დახასიათებაზე, ძველი კლასიფიკაციების გამოყენებასა და აღწერასთან დაკავშირებით. "ნეგროიდი", "მონღოლოიდი" და სხვა რასისტული კატეგორიები გვხვდება გეოგრაფიის სახელმძღვანელოში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რასების შესახებ თეორიებისა და ტერმინ "რასას" (ადამიანების კლასიფიკაციის მნიშვნელობით) ამოღება აუცილებელია არა პოლიტკორექტული მოსაზრებებით, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე მეცნიერება განსხვავებული რასების არსებობას უარყოფს და თანხმდება, რომ რასები, როგორც უმეტესწილად ცალკეული და გეოგრაფიულად შემოსაზღვრული გენების ერთობლიობა არ არსებობს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები