კორონავირუსი და შეზღუდვები

რესპუბლიკური პარტია მთავრობას ნოვრუზ ბაირამისთვის კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს

ნოვრუზ ბაირამი
open.az

რესპუბლიკური პარტია საქართველოს მთავრობას 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამისთვის კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს, რომლის მოხსნაზეც საკოორდინაციო საბჭომ უარი განაცხადა.

"რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოხატოს საკუთარი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების მიმართ და ერთი ღამით დაუშვას გამონაკლისი კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მიუღებლობა გააჩენს სრულიად სამართლიან განცდას უთანასწორო მოპყრობის, რადგან საყოველთაოდ ცნობილია პრემიერმინისტრის საჯარო მოწოდება 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების მიმართ, რომელიც, ასევე კომენდანტის საათის დროს უნდა გაიმართოს". – წერია პარტიის განცხადებაში. 

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, შექმნას ქვეყანაში თანასწორი გარემო და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის სათანადო აღნიშვნისათვის გამოავლინოს კომპრომისი.

საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 05:00 საათამდე 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საკოორდინციო საბჭომ მხოლოდ ორი გამონაკლისი დაუშვა – ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს და შობის ღამეს, 7 იანვარს.

კომენტარები