არჩევნები

ISFED-ის პასუხი კობახიძეს: მიუღებელია ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოთქმულ ბრალდებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბებასთან დაკავშირებით. 

ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციამ სამართლიანი არჩევნების ჩატარებული კვლევა  გააყალბა.

სამართლიანი არჩევნები წერს, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი კი  სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. 

"მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება" - წერს სამართლიანი არჩევნები.

ამასთან ერთად, ორგანიზაცია მოუწოდებს  მმართველ პარტიას შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ.


არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მ ხელახლა გადათვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების PVT უბნები და საბოლოო ანგარიშში დაადგინა, რომ მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს. 8%-იანი დისბალანსის შესახებ ორგანიზაცია პირველად ანგარიშებშიც საუბრობდა.

11 სექტემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატებოდა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში. 

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ISFED-ს ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებდა.

კომენტარები