არჩევნები

მოკლევადიანი გეგმაა, ერთად მოვამზადოთ არჩევნები - ზურაბიშვილი IRI-ში შეხვედრის შემდეგ

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტს, სკოტ მასტიკსა და ევრაზიის რეგიონალურ დირექტორს, სტივენ ნიქსს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტს, სკოტ მასტიკსა და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს, სტივენ ნიქსს შეხვდა.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, IRI მზად არის, საქართველოს არჩევნების მოწყობაში დაეხმაროს, რაც მისივე თქმით, ისეთი პირობების შექმნისთვის იქნება საჭირო, რომ ახალი არჩევნები სამართლიანი იყოს.

"IRI არის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი საქართველოს საზოგადოებრივი ძალების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთოდ - მზად არიან იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ახალი არჩევნების მოწყობაში, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ისეთი პირობები შეიქმნას, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანი იქნება.

ამაზე ვიმუშავებთ, მაქვს მათი მზადყოფნა, რომ ყველანაირად დაგვეხმარონ და ჩვენ უნდა წარვუდგინოთ მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამაზე ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები, არამხოლოდ ვისაუბროთ ახალ არჩევნებსა და მის აუცილებლობაზე, არამედ მოვამზადოთ ეს ახალი არჩევნები და ამით მე ვარ ძალიან - ვიტყოდი, გამაგრებული, იმით, რომ ეს მხარდაჭერა არსებობს." - ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე განცხადებით, "მათ აქვთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები და ჩვენ შეიძლება ამითაც ვიხელმძღვანელოთ."

კომენტარები