არჩევნები

ზურაბ ჯაფარიძე: მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, მეჩქარება ამ პროცესის დასრულება

გირჩი

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია". ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა.

"თუ აღარ არის მნიშვნელოვანი, ვინმემ ახსნას, რატომ იყო მნიშვნელოვანი რამდენიმე თვე და ახლა რა შეიცვალა.

თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს, რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი, რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი.

მე მეჩქარება ამ პროცესის დასრულება (იმედია შეთანხმებით), რომ გაურკვევლობა დასრულდეს და კამპანია დავიწყო" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, Facebook-ის გვერდზე.

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინონ. 4 ივნისის ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ "30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს". ამავე საკითხზე ბრიფინგი ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, გამართა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ. 

ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ოპოზიციურ პარტიებს საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით.

კომენტარები