კორონავირუსი საქართველოში

"საპატრიარქო მიესალმება სამინისტროს გონივრულ გადაწყვეტილებებს" – ტიკარაძე პატრიარქს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კათოლიკოს-პატრიატრქს, ილია მეორეს შეხვდა.  

"ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღეს კოვიპანდემიასთან მიმართებაში. საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენ, ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ ნიღბის ტარების პროცესზე. [...] აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომ საქართველომ და მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვიმყოფებით ". - ამბობს ტიკარაძე. 

ტიკარაძის თქმით, საპატრიარქომ "მკვეთრი პოზიცია" დააფიქსირა, რომ ისინი ვაქცინაციის პროპაგანდის პროცესში არ ჩაერთვებიან. 

"თუმცა, ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებაას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ. ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას როგორც ლოცვებში, ასევე სხვადასხვა ქადაგებაში და თვითონ სინოდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს პოზიცია. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა, რა ტექნოლოგიებს ემყარება". - ამბობს ტიკარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით შედგა და, მისივე თქმით, მიიჩნევს, რომ აქვს ვალდებულება, საპატრიარქო დეტალურად იყოს ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

"პატრიარქის განწყობა ცალსახად არის ის, რომ ის, როგორც ჩვენ, არის მომხრე, რომ ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინა, არ იქნება არანაირი დაძალება და ჩვენი მოქალაქეების იძულება". - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.


16 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესში წმინდა სინოდს თანამშრომლობა სთხოვა. თუმცა, 17 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე "პასუხისმგებლობას ვერ აიღებს".  

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

კომენტარები