ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ ეკლესია ვაქცინაციაზე "პასუხისმგებლობას ვერ აიღებს".

როგორც ჯაღმაიძე წერს, საპატრიარქოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმძღვანელოდ აქვს  11 თებერვლის სინოდის განჩინება, რომელშიც წერია:

"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში."

ჯაღმაიძე წერს, რომ ვაქცინაციის პროპაგანდა "ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა". 

გუშინ, 16 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესში წმინდა სინოდს თანამშრომლობა სთხოვა

"მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში [ვაქცინაციის] განსაკუთრებულია". – თქვა გამყრელიძემ.


ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევდა, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობოდა.

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეაჩერა, მაგრამ ზოგი ქვეყანა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აცხადებს, რომ მათ ამ ვაქცინასთან პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეების აცრას არ შეწყვეტენ. 

ჯანმოს თქმით, ისინი კიდევ ერთხელ განიხილავენ ასტრაზენეკასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და რაც შეიძლება მალე შეაჯამებენ საკუთარ კვლევებს. მიუხედავად ამისა, ჯანმო თვლის, რომ ასტარაზენეკას ვაქცინასთან წინა თვეში გამოცემული რეკომენდაციების ცვლილება საჭირო არ იქნება და მისი გამოყენება კვლავ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება რეკომენდებული.

ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომ თრომბოზის წარმოქმნასა და ვაქცინას შორის კავშირი არაა. ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ასტრაზენეკათი აიცრა 17 მილიონი ადამიანი. ვაქცინირებულებიდან 15-ს განუვითარდა ღრმა ვენის თრომბოზი, 22-ს კი ფილტვის ემბოლია, რაც, ასტრაზენეკას კომპანიის თქმით, ასეთი დიდი რაოდენობის ჯუფისთვის ბუნებრივი დამთხვევაა და არა ვაქცინის ბრალი. 

კომენტარები