რუსეთი

მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციის ფორუმი ჩაშალა და 200-მდე ადამიანი დააკავა

13 მარტს მოსკოვში პოლიციამ ფორუმი "მუნიციპალური რუსეთი" ჩაშალა და ფორუმის მონაწილეები დააკავა. ფორუმი დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის იყო ორგანიზებული. ფორუმის მიზანი იყო, დამოუკიდებელ დეპუტატებს არჩევნებისთვის მომზადებაში დახმარებოდა. დაგეგმილი იყო სხვადასხვა ლექციები და მასტერკლასებში. ფორუმზე 56 რეგიონის დამოუკიდებელი დეპუტატები იყვნენ რეგისტრირებული.

პოლიციის განმარტებით ფორუმი "არასასურველი" ორგანიზაციის მიერ იყო მომზადებული. სამართალდამცველებმა 200-მდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი მიხაილ ტიმონოვი, სანქტ-პეტერბურგის დეპუტატი მაქსიმ რეზნიკი, მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატები ილია იაშინი და იულია გალიმინა, პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა და ევგენი როიზმანი, „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი. ასევე დააკავეს რამდენიმე ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება "დადგენილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დარღვევით" იმართებოდა და მონაწილეების უმეტესობას ნიღბები არ ეკეთა. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს შორის "გამოვლინდნენ იმ ორგანიზაციის წევრები, რომლის საქმიანობაც არასასურველად მიიჩნევა".

რუსეთში ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია შეიძლება "არასასურველად" მიიჩნიონ, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ორგანიზაციის მოქმედებები "საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობის საფუძვლებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან თავდაცვის უნარს". ამისთვის არ არის საჭირო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკმარისია გენერალური პროკურატურის სანქცია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობა. თუ ორგანიზაცია მიჩნეულია "არასასურველად", მისი ოფისები რუსეთში უნდა დაიხუროს, მისი ანგარიშები გაიყინოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.

ფორუმს „მუნიციპალური რუსეთი“ ატარებდა ორგანიზაცია გაერთიანებული დემოკრატები , რომელიც ოფიციალურად არასასურველი არ არის. რუსული მედიის Дождь-ის ცნობით, ფორუმის ჩაშლა და დაკავებების მიზეზი ორგანიზაცია ღია რუსეთთან კავშირით ახსნეს. ღია რუსეთი მიხაილ ხოდორკოვსკიმ დააფუძნა. 2017 წელს ღია რუსეთი "არასასურველი" ორგანიზაციების სიაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ფორმალურად ორგანიზაცია არ არის დაკავშირებული ფორუმის საორგანიზაციო საკითხებთან.

დეპუტატების დაკავებას Twitter-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა.

"დღეს რუსეთის მთავრობამ საეჭვო მოტივით თითქმის 200 მუნიციპალური ლიდერი და პოლიტიკოსი, მათ შორის პოლიტიკური აქტივისტები ვლადიმირ კარა-მურზა და იულია გალიამინა დააკავა. მოვუწოდებთ [რუსეთს], შეწყვიტოს დამოუკიდებელი ხმის დევნა." – წერს ბლინკენი.

კომენტარები