ჩანაწერები

მოსამართლე TV პირველზე: წარმოუდგენელია, ჩემი მხრიდან იყოს დაშვება, რომ მიდით, შეიჭერით

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც საქართველოს პროკურატურას ტელეკომპანია პირველიდან მასალების ამოღებისა და, წინააღმდეგობის შემთხვევაში, ძალის გამოყენების უფლება მისცა, ამბობს, რომ განჩინება არ არის დაშვება, რომ "მიდით, შეიჭერით". 

"ეკლესიის წინ ვდგავარ, ხომ? მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან იმის დაშვება, რომ მიდით, შეიჭერით. აქ არ არის იმაზე, რომ მე მწვანე გავუხსენი პროკურატურას და კი ბატონო, მიბრძანდით და შეიჭერით. დამიჯერეთ, რა". - ამბობს კლდიაშვილი ტელეკომპანია პირველთან.

მოსამართლის მტკიცებით, პროკურატურას იმ სიუჟეტის ამოღების უფლება მისცა, რაც ეთერში გავიდა. თუმცა, განჩინებაში წერია, რომ პროკურატურას სასამართლომ უფლება მისცა, ამოიღოს "კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა".

"კიდევ ვამბობ, ეს რომ ჩხრეკა ყოფილიყო, არ მივცემდი ნებას. ვიცი კარგად კანონები და არ უნდა შევიდნენ, ჟურნალისტურ გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს და ჟურნალისტებს თავს არავინ არ უნდა დაესხას.  [...] ეს არ ნიშნავს იმას, გინდა თუ არა, ძალა გამოიყენე და პირდაპირ შევარდი. მე მგონი, არ აპირებს პროკურატურა შევარდნას.

3 თვეა, რაც დავიწყე მუშაობა. ამოიღეთ ძველი განჩინებები, ყველამ იცის ეს. მსგავს განჩინებებში, ჩხრეკის ნებართვა იქნება, ამოღების ნებართვა იქნება თუ დაკავების, მითითებული აქვთ ჩემს წინა მოქმედ მოსამართლეებსაც, ვერ მივხვდი, ასე რატომ გაშუქდა. ეს მე არ მომიგონია. მე 3 თვეა, დავინიშნე და რაღაც ნიმუშებზე ჩემი სტილი ავაწყვე, ვთქვათ". - ამბობს ის.


სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები