ნიკა მელიას დაკავება

"გახარია მელიას აყვანის მომხრე 17:00 სთ-მდე იყო" – გადაწყვეტილება 22:00-ზე გამოცხადდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 17 თებერვლის 17:00 საათამდე ემხრობოდა მმართველი გუნდის პოზიციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის შესახებ, თუმცა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება 17 თებერვლის დაახლოებით 22:00 საათზე გამოაცხადა.

"17 თებერვლის 17:00 საათამდე, მისი პოზიცია იყო იდენტური, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა, სამწუხაროდ, 17:00 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. ეს [დრო] ზუსტად გვახსოვს გამომდინარე იქიდან, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, 17:00 საათი იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა და პირველად წარმოიშვა ეს საკითხი. მანამდე ყველა იყო აბსოლუტურად ერთ აზრზე.

დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია, შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე, რაც იყო ჩვენთვის გაუგებარი". – თქვა ირაკლი კობახიძემ რ2-თან ინტერვიუსას. 


გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

კომენტარები