მედიაზე თავდასხმა

დეგნანი: თავდასხმები ჟურნალისტზე დაუშვებელია, სამწუხაროა, რომ ეს საქართველოში ხდება

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს ვახო სანაია მოინახულა და ფორმულასთან ეთერში თქვა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ნებისმიერ დროს დაუშვებელია.

"ეს იყო პირადი სახის ვიზიტიც, რადგან მაინტერესებდა როგორ იყო ვახო, მოხარული ვარ, რომ კარგად არის და სამუშაოს დაუბრუნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თავდასხმები ჟურნალისტზე ნებისმიერ დროს დაუშვებელია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხდება საქართველოში. 

შეერთებული შტატები უკვე ბევრი წელია საქართველოში მედიის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ორ მილიონზე მეტი გვაქვს გამოყოფილი მედიის თავისუფლების მხარდაჭერის, მედიაგანათლების, გაცვლითი პროგრამებისთვის. და ეს ყველაფერი საიმისოდ, რომ შევქმნათ ძლიერი პროფესიული მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის". - ამბობს კელი დეგნანი. 

კელი დეგნანის მიხედვით, მედიაზე თავდასხმა დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითრებას. 

"დღეს ვხედავთ, თუ რამხელა გამბედაობას მოითხოვს ჟურნალისტობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც, საქართველოში, როგორც ვახოს, სხვებსაც თავს ესხმიან და ემუქრებიან. ეს დაუშვებელია და სახიფათოა დემოკრატიის სტაბილურობისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს მედიის თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას". - ამბობს კელი დეგნანი

კელი დეგნანი მოხარულია იმ ფაქტით, რომ რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტების დაცვის მექანიზმებს,რადგან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ. ამასთან ერთად, კელი დეგნანმა თქვა, რომ აშშ გააგრძელებს ქართული მედიის მხარდაჭერას.

"ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ, პასუხისმგებლობით საკუთარი საქმის გაკეთება დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე, ასე რომ, მინდა დაგარწმუნით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მედიის აქტიურ მხარდაჭერას".- ამბობს კელი დეგნანი.


ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.

კომენტარები