ნიკა მელიას საქმე

ღარიბაშვილი: მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადება ნათელია და მელიას "ნებისმიერ დროს" შეუძლია გადაიხადოს გირაო და დატოვოს ციხე, "თუნდაც დღეს".

"პროკურატურამ ამის თაობაზე ძალიან ნათელი განმარტება გააკეთა. ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს, ან მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს და ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.  

თუმცა ნიკა მელია ამბობს, რომ პროკურატურის შეთავაზებას სერიოზულად არ აღიქვამს. როგორც ენმ-ის თავმჯდომარე წერს, "თავისუფლება არ ღირს 40 000 ლარი [...] თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ! " 

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე მისი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები