ჩანაწერები

"ივანიშვილის გარემოცვისგან "ლოგიკური" ნაბიჯია" – ბოკერია ჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებაზე

"ივანიშვილის გარემოცვისგან "ლოგიკურია" ეს აბსურდული, უტიფარი ნაბიჯი". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყებას.

ბოკერიას თქმით, პროკურატურამ გამოძიების მიმდინარეობისას "წარსულში გადადგმული ნაბიჯების ანალოგიით" უნდა იმოქმედოს და ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე უნდა დაკითხოს.

"ბუნებრივია, აქ აქცენტი გააკეთეს, რომ ამ ხალხს არ ერჩიან. ისედაც ვიცოდით, მაგრამ უტიფრობის შემდეგი ხარისხია, როდესაც იმ ტიპის ავტორიტარულ მონარქიულ წარმოდგენებში მიდის ეს ყველაფერი, რომ დაკითხვა ვერც უნდა შეჰკადრო. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, სად ვართ, როგორც ქვეყანა.

იტყვიან - გამოძიება დაწყებულიაო, ოღონდ, თავისი მომხრეებისთვის ექნებათ - არა, ბერა ივანიშვილს, ბიძინას ან ჩუბინიძეს კი არ ვიძიებთ, ვიძიებთ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, რომ გაჟონაო. მე მედიიდან ვიცი, რომ შეთქმულების თეორიები აქვთ მოღალატეებზე საკუთარ რიგებში". – ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან. 


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.   

კომენტარები