ჩანაწერები

მოქალაქეები ჩანაწერების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

მოქალაქეები TV პირველზე გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.  

ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს,  პროკურატურის მიმართ ნდობა საზოგადოების მხრიდან დაბალია. ლევან იოსელიანის თქმით, პარლამენტს სიმართლის დასადგენად ყველა ბერკეტი აქვს.

ელისაშვილი ოპოზიციას კომისიის შექმნაში მხარდაჭერას სთხოვს. 

"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური. მეორე შეკითხვა, ამ ჩანაწერებში არსებული ადამიანები იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობებს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლებო მექანიზმებს ზეწოლისთვის.  მივმართავთ მმართველ გუნდს და მოვუწოდებთ, შეიქმნას საგამოძიებო დროებითი კომისია და ასევე მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ინიციატივაში". –ამბობს ელისაშვილი. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკითხის ინიცირებისთვის 30 ხმა საკმარისია, ხოლო  კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად - 50. 


TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.  

ქართული ოცნების სხვადასხვა ლიდერი ჩანაწერს ანონსის გაშვების დღესვე გამოეხმაურა. სიუჟეტის გაშვების დღესვე მმართველ გუნდში პოლიტსაბჭო შეიკრიბა. მმართველი გუნდის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ჩანაწერები 2010 წელსაა გაკეთებული და, ამავდროულად, ფაბრიკაციას წარმოადგენს. 

ჩანაწერზე საუბრისგან ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებიც იკავებენ თავს. მაგალითად, ამ დრომდე არაფერი უთქვამს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. 2-დღიანი დუმილის შემდეგ, 8 მარტს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ის კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მთავრობის კაბინეტის არცერთ წევრს განცხადება არ გაუკეთებია. 

9 მარტს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყეს. 

კომენტარები