ვაქცინაცია

გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ ინდოეთიდან მივიღებთ ვაქცინებს, საუბარია მცირე რაოდენობაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოეთიდან ვაქცინების მიღებაზე მუშაობს. მისივე თქმით, თავდაპირველად საუბარია ვაქცინების მცირე რაოდენობაზე. 

როგორც გაბუნია ამბობს, ინდურ ვაქცინებს WHO-ს ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა მათი გამოყენება უკვე დაიწყო რამდენიმე ქვეყანამ. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. 

"ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ინდოეთი არის ერთერთი დიდი მწარმოებელი ვაქცინების, ნოვავაქსი, რომელიც იქნება წარმოებული სერუმის ინსტიტუტში და არის ინდური ვაქცინები, რომლებსაც WHO- ს ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო არაერთმა ქვეყანამ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობას იკვლევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

რა თქმა უნდა, ყველანაირი დეტალი განიხილება, ინდოეთი მკაცრად არეგულირებს ვაქცინების ქვეყნიდან გამოტანას, სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი და ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი, თავდაპირველად საუბარია შედარებით მცირე რაოდენობაზე, თუმცა ნოვავაქსის მოლოდინი გვაქვს, ასევე კოვადის პლატფორმიდან". – ამბობს გაბუნია. 

რაც შეეხება ფაიზერს და ასტრაზენეკას, გაბუნიას თქმით, ამ ვაქცინებს საქართველო 22 მარტის კვირაში მიიღებს. 

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით გრძელდება მოლაპარაკებები მიმწოდებლებთან, კოვაქსის პლატფორმით, როგორც უკვე იყო დაანონსებული 22 მარტის კვირაში ველოდებით ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინებს. ამდენად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას დავიწყებთ, ყოველ შემთხვევაში ეს არის ინფორმაცია, რასაც გვიდასტურებს კოვაქსი. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის მოდერნა, მოგეხსენებათ ჩინური ვაქცინები განიხილება, განსაკუთრებით სინოფარმი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლოსთვის მოსალოდნელია, მათ მიიღონ ავტორიზაცია, ამდენად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს". – ამბობს გაბუნია. 

საქართველოში ვაქცინაცია თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე, ქვეყანაში ვაქცინის არც ერთი დოზა არ შემოსულა.

როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინა, წაიკითხეთ - აქ. 

კომენტარები