ჩინეთი

ჩინეთის საგრეო საქმეთა მინისტრი: ე.წ გენოციდი სინძიანგში სასაცილოდ აბსურდულია

ვანგ ი
Xinhua

​ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე სინძიანგში მუსლიმი უმცირესობის, უიღურების გენოციდის შესახებ ბრალდებებს "სრული სიცრუე" უწოდა.

რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მ, უიღურების წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობის ქმედებები გენოციდად შეაფასა.

​"ე.წ "გენოციდი" სინძიანგში სასაცილოდ აბსურდულია. ეს არის ჭორი დაფარული მოტივებით და სრული სიცრუე" - თქვა მინისტრმა.

ვანგ იმ სხვა ქვეყნების ისტორიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გაიხსენა.

"როდესაც საქმე გენოციდს ეხება, ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს მე-16 საუკუნეში ჩრდილოამერიკელ მკვიდრ მოსახლეობაზე, მე-19 საუკუნეში აფრიკელ მონებზე, მე-20 საუკუნეში ებრაელებზე და ავსტრალიის აბორიგენ მოსახლეობაზე, რომელიც დღესაც იბრძვის". - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

თებერვალში ნიდერლანდების პარლამენტმა, ევროპაში პირველმა, ჩინეთი უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. ნიდერლანდების პარლამენტმა 25 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ უიღურების მუსლიმური უმცირესობისადმი ჩინეთის მოპყრობა გენოციდია.

კანადამ ასევე მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის მიერ უიღურებისადმი მოპყრობა გენოციდია. ქვეყნის პრემიერმინისტრის, მარკ რუთეს კონსერვატიულმა პარტიამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. რეზოლუციით მთავრობას არ ურჩევენ რაიმე კონკრეტული ზომების მიღებას. 

თავდაპირველად 19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პომპეოს გადაწყვეტილებას იზიარებს.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანგის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანგში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

კომენტარები