ჩინელი ჰაკერები

ჩინელი ჰაკერების კიბერშეტევის სამიზნე კომპანია Microsoft-ი გახდა 

ფოტო: bbc.com

ამერიკული კომპანია Microsoft-ის საფოსტო და ბიზნესსერვისები ჩინელი ჰაკერების კიბერშეტევის სამიზნეები გახდნენ. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ჰაკერებმა შეტევა Microsoft Exchange-ის სერვერებზე განახორციელეს, რის შედეგადაც მოიპოვეს წვდომა საფოსტო სერვისებთანაც.

შეტევის სავარაუდო მიზანი ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა და პირადი ინფორმაციის მითვისება იყო. გარდა ამისა, ჰაკერებმა კომპანიის სისტემაში საჯაშუშო პროგრამის ჩამონტაჟებაც სცადეს, რისი მთავარი მიზანი გრძელვადიანი შპიონაჟი იყო. 

Microsoft-მა თავდასხმაში ჰაკერული ჯგუფი HAFNIUM დაადანაშაულა. მათი თქმით, ეს ჰაკერული დაჯგუფება ჩინეთის კომუნისტური მთავრობისგან ფინანსდება და ბრძანებებსაც სწორედ მისგან იღებს.  

HAFNIUM-ის სამიზნეები, ძირითადად, კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და მაღალტექნოლოგიური კომპანიებია. 

ეს ჩინელი ჰაკერების მიერ Microsoft-ზე განხორციელებული კიბერშეტევის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მათ არაერთხელ უცდიათ კომპანიის სერვისების დაჰაკვა. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანიის ბრალდებებს უარყოფს. 

კომენტარები