ნიკა მელიას დაკავება

უილსონი: ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, დეიმონ უილსონი. ის Atlantic Council-ის ონლაინ ვებინარზე სიტყვით გამოვიდა.

ჩვენ აქ ვართ ბევრ მეგობართან ერთად, რათა განვიხილოთ საქართველოს დემოკრატიისა და სტრატეგიულ დასავლეთში ინტეგრაციის მომავალი, რადგან საბოლოოდ ეს ორი საკითხი შინაგანად დაკავშირებულია... ჩვენ გვინდა, რომ ეს საუბარი ფოკუსირდეს იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ქართველებს, რომ შეასწორონ, ხელი შეუწყონ და ძირი არ გამოუთხარონ ქვეყნის გზას გახდეს ტრანსატლანტიკური ალიანსის დემოკრატიული წევრი. 

ეს კრიტიკული მომენტია საქართველოსთვის... ჩვენ მივესალმებით დიალოგს, რომელიც დაიწყო და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს. ტაშს ვუკრავთ მთავრობას და ოპოზიციას მონაწილეობისთვის და ევროკავშირს ასეთი კონსტრუქციული ჩართულობისთვის. მსოფლიო ახლოდან აკვირდება, თუ რა მოხდება შემდეგ. ქართველებს, ორივეს, მთავრობას და ოპოზიციას, აქვთ გამბედაობა, რომ ზღვრიდან უკან დაიხიონ და ამ დავაში ერთად იმუშაონ. 

23 თებერვალს ბევრმა ჩვენგანმა ვნახეთ ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ საქართველოს პოლიციამ გაარღვია ბარიკადები, რათა შეჭრილიყო ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შენობაში და დაეჭირა ლიდერი, ნიკა მელია, რამაც სწრაფად გამოიწვია ეს უკანასკნელი კრიზისი. მაგრამ წინამორბედი [ამბები] უფრო ღრმაა. გასულ შემოდგომას საპარლამენტო  არჩევნები ჩატარდა იმ პროცედურების თანახმად, რომელზეც ყველა მხარე თვეების განმავლობაში გამართული მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნებმა ხარვეზებით ჩაიარა, თუმცა შეაჯამეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არალეგიტიმურად შეაფასეს და ბევრმა პარლამენტის სესიას ბოიკოტი გამოუცხადა. თუმცა, ეს არ ამართლებს [მელიას] დაკავებას ან იმას, თუ სად ვართ დღეს ჩვენ. როგორც ამერიკელებს, ჩვენ გვესმის, თუ როგორი რთულია, რომ დემოკრატიამ იმუშაოს. ჩვენ გვქონდა ჩვენი გამოწვევები გასულ კვირებში და თვეებში და ამ საუბარში ჩვენი თავმდაბლობით ვერთვებით. თუმცა, ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს და ინსტიტუტები არ მუშაობს ვაკუუმში. ეს ადამიანები აცოცხლებენ სამართლის უზენაესობის ცნებას და არა უბრალოდ კანონით მართვის ან კანონის გარეშე მართვის ცნებებს. ამიტომ, ქართველი პოლიტიკური აქტორები აწყდებიან კითხვას, შეუძლიათ თუ არა თავიანთი ქვეყნის ინტერესები პოლიტიკურ და პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ.  საქართველოს გულისთვის, მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ფაქტობრივად, ეს არის პრერეკვიზიტი, რომ საქართველოს კვლავ ჰქონდეს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში აქვს. დისფუნქციურობა მხოლოდ აზიანებს ქართველებს, NATO-სა და ევროკავშირში სკეპტიკოსებს მიზეზს აძლევს და ეხმარება კრემლს დათესოს უთანხმოება და შეაკავოს საქართველოს მისწრაფებები, შეუერთდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამიტომ, დემოკრატიისთვის თავდადება არის თავდადება საერთო წესებისთვის, რაც მისადაგება ყველას და საქართველოს ინტეგრაცია NATO-სა და ევროკავშირში მოითხოვს ამ წესებისთვის მოსმენას. 

კომენტარები