Freedom House

Freedom House: საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელმა იკლო

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საქართველომ 2019 წელთან შედარებით ძირითადად გაუარესებული შედეგები აჩვენა. 

ანგარიშში ცალ-ცალკეა განხილული დემოკრატიულობის, სოციალურ-პოლიტიკური და ინტერნეტ თავისუფლების მაჩვენებლები.

საქართველოს თავისუფლების რეიტინგი წინა წელთან შედარებით დაკლებულია. გასული წლის 63-ქულიანი მაჩვენებლიდან ქვეყანა წელს 61 ქულამდე ჩამოვიდა.

პოლიტიკურ უფლებებში, ანგარიშის მიხედვით, საქართველო 40-დან 24 ქულით შეფასდა. პოლიტიკური უფლებების პრობლემებში ნახსენებია სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრობლემა. ასევე ამ ნაწილში ნახსენებია არჩევნებზე სახელმწიფო ხარჯების კამპანიისთვის გამოყენების, ხმების მოსყიდვის, მმართველი პარტიის მხარდამჭერების საარჩევნო უბნებთან ყოფნით შექმნილი დაძაბული გარემოსი და მსგავსი პრობლემები. ამ მაჩვენებელზე ცუდად აისახა კორუფციისა და ნეპოტიზმის ტენდენციაც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცირე სახის კორუფცია აღმოფხვრილია, მაგრამ პრობლემად რჩება შიდასამთავრობო კორუფცია. 

“ოლიგარქული გავლენები ცუდად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედიაგარემოზე, კანონის უზენაესობას კი ძირს უთხრის პოლიტიზაცია”. - წერია ანგარიშში.

სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველო 60-დან 37 ქულით შეფასდა. ამ კომპონენტში ქვეყნის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს მედიის, გამოხატვისა და რწმენის, შეკრების თავისუფლებებისა და სასამართლოს დაბალი მაჩვენებლები. 

“მიმდინარე იურიდიული რეფორმების მიუხედავად, სასამართლოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ქმედებები მთავარ პრობლემად რჩება, ისევე როგორც იურიდიულ ქმედებებთან არსებული გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა”. - წერია ანგარიშში.

რწმენის თავისუფლების მხრივ, ანგარიშში ხაზგასმულია რელიგიური უმცირესობების შევიწროების ფაქტები.

თავისუფლებათა კომპონენტში ყველაზე მაღალი შეფასება (4 ქულიდან 4) პიროვნულ ავტონომიასა და ინდივიდუალურ უფლებებს აქვს.

Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის კომპონენტში 100-დან 37.5% აქვს, რაც გასულ წელთან შედარებით 0.5%-იანი კლებაა. ასევე, ქართული დემოკრატია 7-ქულიან შკალაზე 3.25 ქულით არის შეფასებული. 

ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიულობის მაჩვენებელზე ცუდად არის ასახული პოლიტიკისა და მედიის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. ასევე, Freedom House-ის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას მძიმე დარტყმა მიაყენა 2019 წელს ოპოზიციის საპროტესტო აქციების დარბევამ. 

Freedom House-ის ანგარიშში საქართველომ საუკეთესო მაჩვენებელი ინტერნეტის თავისუფლების კომპონენტში აჩვენა 100-დან 76 ქულის აღებით. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესებულია. ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელზე ცუდად მოქმედებს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა.

საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება.

Freedom House-ის შეფასებით, 2020 წელს დემოკრატიულობისა და თავისუფლების მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში კლებადი იყო

 

კომენტარები