შარლ მიშელის ვიზიტი

ბოკერია: თუ ვინმე თვლიდა, რომ კრიზისის მიმართ ევროკავშირის ყურადღება დროებითი იყო, შეცდა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"რაც შემიძლია ვთქვა, ამ შეხვედრიდან გამომდინარე, არის ის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ყურადღება თავისუფალი სამყაროსი, ამ შემთხვევაში ევროკავშირის, ეპიზოდური იყო და გადაივლის, ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს ვიზიტი არის ამის დასტური". - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.  

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამ რანგის თანამდებობის პირის მოსმენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი  ჩვენი ოპოზიციური დემოკტრატიული მთლიანი სპექტრისგან, პატარა ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, ფუნდამენტურად ერთი გზავნილის, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა,  ანუ პოლიტპატიმრები, რურუა, მელია გათავისუფლდებიან და დაჯდომა საუბრისთვის, როგორ მივდივართ, ვადამდელ, თავისუფალ სამართლიან არჩევნებამდე. ეს არის საერთო კონსესუსი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას მოესმინა, როგორც დეტალები, ასევე არგუმენტები ჩვენი მხრიდან". - ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, მიშელთან შეხვედრაზე, საუბრის ერთ-ერთი თემა ოპოზიციის კომპრომისი იყო, რაც ვადამდელი არჩევნების ნაცვლად, პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს. 

"პლებისციტის კითხვა უნდა იყოს, გსურთ თუ არა, ამა და ამ კონკრეტულ თარიღზე ვადამდელი არჩევნები და ეს უნდა იყოს ჩატარებული, თავისუფალ და სამართლიან ატმოსფეროში, რაც გულისხმობს პირველ რიგში, პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და იმ პაკეტს რეფორმების, რომელიც უკვე შეტანილია. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ არის ჩვენი მხრიდან კომპრომისული წინადადება, რომ ამ თავისუფალ ვერდიქტს ჩვენი საზოგადოების, ყველა უნდა დაემორჩილოს". - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მიზანია, ივანიშვილმა დაინახოს ის საფრთხე, რაც მას ელის იმ შემთხვევაში, თუ ის "ბოლომდე შეტოპავს", მისივე თქმით, თუ ივანიშვილი ასე მოიქცევა, ეს საფრთხე შესაძლოა, სანქციების დაწესებაც იყოს. 

"არასდროს საქართველოს ახალ ისტორიაში, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, იყო რამდენიმე მომენტი ვარდების რევოლუციამდე, შარშან 8 მარტის შეხვედრამდე, თუმცა ასეთი ფართო დისკუსია სანქციების დაწესებაზე არასდროს არ ყოფილა. ჩვენი, ევროპული საქართველოსი და გავრისკავ ვთქვა, რომ მთლიანი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის სანქციები ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მკაფიოდ დაინახოს ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ, ის საფრთხე, რაც მას ელის, თუ შეტოპავს ბოლომდე და თუ შეტოპავს, ნამდვილად ელის სანქციები". - ამბობს ბოკერია. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 28  თებერვალს ჩამოვიდა.  მიშელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

კომენტარები