COVID-19-ის ვაქცინა

აშშ-ში Jonson & Jonson-ის COVID-19-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცეს

აშშ-ს მარეგულირებელმა სააგენტომ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Jonson & Jonson-ის წარმოებული Covid-19-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა.

კვლევის თანახმად, ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია დაავადების რთული ფორმების პრევენციაში, მთლიანობაში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით, 66%-ით ეფექტიანია.

ივნისის ბოლომდე აშშ კომპანიისგან 100 მილიონ დოზას მიიღებს. ვაქცინის პირველი დოზები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უკვე მომავალ კვირას იქნება. Jonson & Jonson-ის ვაქცინა ასევე შეისყიდეს დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და კოვაქსის პლატფორმამ.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ახალი ვაქცინის დამტკიცება "ამაღელვებელი ახალი ამბავია ამერიკელებისთვის და იმედისმომცემია".

"მართალია, დღეს ამ ახალ ამბავს აღვნიშნავთ, მაგრამ მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გააგრძელეთ ხელების დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება.. როგორც ბევრჯერ მითქვამს, ახალი ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების პარალელურად მდგომარეობა, სავარაუდოდ, ისევ გაუარესდება..". – თქვა ბაიდენმა. 

FDA-მ ვაქცინა დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის დადებითი შეფასებების შემდეგ დაამტკიცა. აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ცდების შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია დაავადების რთული ფორმების პრევენციაში, მთლიანობაში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით, 66%-ით ეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვინც კვლევის ფარგლებში ვაქცინა მიიღო, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა და ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია.

მთლიანობაში ვაქცინა ნაკლებეფექტიანია სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამებია გავრცელებული, თუმცა Jonson & Jonson-ის ვაქცინის ეფექტიანობა დაავადების რთული ფორმების წინააღმდეგ ამ ქვეყნებშიც მაღალია.

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებისგან განსხვავებით Jonson & Jonson-ის ვაქცინით აცრისას ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო.

სამხრეთ აფრიკაში, კვლევის ფარგლებში, Jonson & Jonson-ის ვაქცინა ოფიციალურად დამტკიცებამდე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ასაცრელად თებერვალში გამოიყენეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრაზენეკას ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღდეგ "მინიმალურ დაცვას" უზრუნველყოფდა. 

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც Jonson & Jonson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა, ბაჰრეინია.

იქიდან გამომდინარე, რომ Jonson & Jonson-ის ვაქცინით აცრა ერთი დოზით ხდება, ვაქცინაციისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ნაკლები ვიზიტი და ნაკლები სამედიცინო პერსონალი იქნება საჭირო.

ვრცლად, როგორ მუშაობენ Covid-19-ის Jonson & Jonson-ისა და სხვა ვაქცინები წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში:

კომენტარები