WizzAir

Wizzair: ჯერ ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისიდან ფრენას შევძლებთ

"ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი თუ როდის აღვადგენთ ფრენებს საქართველოდან" - თქვა ბიზნეს-ფორმულას ეთერში ანდრაშ რადომ, Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ ეს მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია დაფრინავს.

"იმაზე თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას, როგორც კი ჩვენ მოთხოვნას დავინახავთ, როდესაც მოგვეცემება საშუალება, რომ ქართველი მგზავრები ევროკავშირის მიმართულებით გადავიყვანოთ, ხოლო ევროპელი მგზავრები საქართველოს მიმართულებით, ჩვენ განვაახლებთ ოპერირებას" - ამბობს რადო.

Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნება სწორედ შეზღუდვების მოხნასთან არის დაკავშირებული.

"გვინდა, რომ 2021 წელს საქართველოდან ვიფრინოთ, დავაბრუნოთ ბაზა, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმაა.

ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ, ამიტომ, ვფიქრობთ, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად, ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება, იმედი გამოვთქვათ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის" - თქვა ანდრაშ რადომ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ Wizzair-ი აპრილიდან ფიქრობს საქართველოდან ფრენების განახლებას.

საქართველოში ცა მაშინ დაიკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეგულარულ ფრენებზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს, კიდევ მინიმუმ რამდენიმე თვე არ განაახლებს. განრიგი მუდმივად იცვლება და თარიღები წინ იწევს, 19 თებერვლის მონაცემებით, Wizzair-ი მარტის ბოლოდან (29-30 მარტი) რიგის, ვენის, დორტმუნდის, ვარშავის, კრაკოვის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით აპირებს რეისების აღდგენად, ხოლო აპრილიდან - აბუ დაბის, ლარნაკის და ათენის საჰაერო ხაზზე.

რაც შეეხება პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, პოზნანის და ვროცლავის საჰაერო ხაზებს, განრიგით ქუთაისიდან ფრენები მაისის თვიდან შესრულდება. ეს 11 მიმართულება სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები