ნიკა მელიას საქმე

მელია: გახარიამ აღიარა, რომ იგეგმებოდა სისხლისღვრა, ძალადობა თავისუფალ ნებაზე

ტაბულა

"გახარიამ აღიარა, რომ იგეგმებოდა სისხლისღვრა, ძალადობა თავისუფალ ნებაზე". –ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია გიორგი გახარიაზე.  

"მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ, როგორც ჩანს, განათდა ქართული ოცნების რიგ წარმომადგენლებში. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ბატონ გახარიას, რომელმაც, როგორც ჩანს, მეორედ არ გადადგა ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც, ალბათ, მოუწოდებდნენ საკუთარი გუნდის წევრები. ბატონ გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავს. 

ბატონი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ დღეს იგეგმებოდა სისხლისღვრა და ძალადობა თავისუფალი ადამიანების თავისუფალ ნებაზე. ეს რომ არ გააკეთა, რა თქმა უნდა, არის დასაფასებელი. მაგრამ, ეს ახლა საქმეს არ უშველის. საქმეს უშველის სწრაფი მოქმედება და სწრაფი მოქმედებები უნდა იყოს ხორცშესხმული". – ამბობს მელია. 

გიორგი გახარიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ამ დროისთვის, ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის ოფისშია. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ენმ-ის თავმჯდომარის დაკავების საშუალებას არ მისცემენ და მათ ოპოზიციურ სპექტრის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოუწევთ. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.   


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები