კორონავირუსი

ჯანმო: 2019 წლის დეკემბერში უხანში Covid-19 უფრო ფართოდ იყო გავრცელებული

Time Magazine

ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და გავრცელების დეტალებს იკვლევს, დაადგინა, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, ამ ქალაქში, ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.

მკვლევართა ჯგუფი ჩინეთს სთხოვს, დაუყოვნებლივ გადასცეს ასიათასობით სისხლის ნიმუში, რომელთა გაზიარებაზეც მთავრობა უარს ამბობს. 

“ვირუსი უხანში დეკემბერში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა”. - თქვა ბენ ემბარეკმა, ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, CNN-თან რეპორტაჟის დროს.

მკვლევართა ჯგუფმა ასევე თქვა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბერის დასაწყისში კოვიდ-19-ის დაფიქსირების 174 შემთხვევის შესახებ. აქედან 100 შემთხვევა ლაბორატორიულად იყო დამტკიცებული, 74 კი დიაგნოზურად, პაციენტთა სიმპტომებზე დაყრდნობით. თუკი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის 174-მდე შემთხვევა უკვე არსებობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვის მეორე ნახევარში უკვე 1000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა.

ჯანმო-ს ჯგუფის გამოძიება გრძელდება. 


უხანში ჯანმო-ს ჯგუფის ვიზიტის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ კვლავ ღამურა რჩება, მან ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 

მას შემდეგ, რაც ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულეს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სურს, შეისწავლოს მონაცემები, რომლებსაც გუნდი იყენებს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის სრულად არ გასაჯაროების გამო ჩინეთის შესაძლო დასჯის შესახებ კითხვაზე თქვა, რომ მას სურს, გაიგოს ყველა ფაქტი. 

კომენტარები