ნიკა მელიას საქმე

მელია: ფიქრობთ, "ოცნება" იმ მდგომარეობაშია, რომ დამიჭირონ? რატომ ბაქიბუქობენ?

ტაბულა

"თქვენ ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ბატონი კობახიძე, კალაძე, გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზეც დაპატიმრების საფუძველი არ აქვთ?!". – ამბობს ნაციონალუირ მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია მის შესაძლო დაკავებაზე.

მელიას განმარტებით, ქართულ ოცნებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არა აქვს, რომ "შავზე თეთრი თქვან და ამაში დაარწმუნონ საზოგადოება".

"ძალიან მიკვირს, რატომ ბაქიბუქობენ იმაზე, რისი თავიც არ აქვთ? გამორიცხულია, რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხოს ჩემი დაჭერა. არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ და მაგარია ოპოზიცია, უბრალოდ საფუძველი არ არსებობს ამის". – ამბობს ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბარში.

ამ წუთებში, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ერთმანეთს ხვდებიან, რათა განიხილონ, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას დაიჭერენ.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტი ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებს, თუმცა, ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.


საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები