ნიკა მელიას საქმე

"იქნება პროტესტი" – ოპოზიციური პარტიები მელიას საქმეზე სამსჯელოდ ერთმანეთს ხვდებიან

ტაბულა

ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ერთმანეთს ხვდებიან, რათა განიხილონ, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას დაიჭერენ. 

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტი ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებს, თუმცა, ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს. 

ევროპული საქართველოს მოქმედი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ, თუკი ნიკა მელიას დაიჭერენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კოლეგას ფიზიკურად დაიცავენ. 

"წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ. იმიტომ, რომ ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებიდან. ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა დაგვაჩმოროს, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ის მოვა სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩაიდენს. მე, საქართველოს მოქალაქეს, გიგი უგულავას, მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომ, როდესაც მოძალადე მოდის და მეძალადება, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას". – ამბობს გიგი უგულავა. 

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

 

კომენტარები