მსოფლიო

ბრიტანეთის ეკონომიკა 1709 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

Indian News Live

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.9%–ით შემცირდა. მსგავსი ვარდნა ბოლოს დაფიქსირდა 1709 წელს , როცა ევროპას გამყინვარების ტალღამ გადაუარა.  

ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი 300 მილიონი ფუნტის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკა 2013 წლის ნიშნულს დაუბრუნა. მომსახურების სექტორი, რომელიც ქვეყნის მშპ–ს 80%–ს ქმნის, 8.9%–ით შემცირდა. რაც შეეხება ტურიზმს, ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, ინდუსტრიაში არსებული ბიზნესების 50%–ს ფულადი ეკვივალენტი მხოლოდ მომდევნო 3 თვეს ეყოფა. 

შეზღუდვების მიუხედავად, ბრიტანეთში კორონავირუსით 115 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ დროისთვის, ქვეყანა ვაქცინაციის ტემპით მოწინავე პოზიციებს იკავებს — ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 14.03 მილიონ ბრიტანელს აქვს მიღებული. ამას გარდა, დადებული კონტრაქტების მიხედვით, ქვეყანას საკმარისზე 3–ჯერ მეტი ვაქცინა აქვს შესყიდული. 

ისტორიული ვარდნის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ 2021 წელი უკეთესი იქნება. ინგლისის ცენტრალური ბანკის გათვლებით, ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლის პირველ ნახევარში დაუბრუნდება. 

1709 წელს, "დიდი გამყინვარებით" ცნობილი წლის იანვარში, ცენტრალურ ბრიტანეთში საშუალო ტემპერატურა შეადგენდა1.5 გრადუსს ცელსიუსს. მკაცრმა პირობებმა 6.5 მილიონ ბრიტანელი შიმშილითა და სიცივით სიკვდილის წინაშე დააყენა.

კომენტარები