წმინდა სინოდი

სინოდი მეუფე ზენონისგან მამა ილია ჭიღლაძესა და ილია ჯინჯოლავაზე რეაგირებას ითხოვს

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სხდომის განჩინება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ. 

"ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა". – ნათქვამია განჩინებაში.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ უნდა მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წლის პირველი სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 35 მღვდელმთავარი. 

კომენტარები