წმინდა სინოდი

სინოდმა ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო და ნებაყოფლობითობას მიესალმა

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სასულიერო პირების მიერ გაკეთებული ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნებაყოფლობითობას მიესალმა.

"ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ". – ნათქვამია საპატრირაქროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განჩინებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

წმინდა სინოდის განჩინებაში ნათქვამია, რომ, ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, აუცილებელია, პასუხი გაეცეს სინოდის მიერ შემოთავაზებულ შემდგ საკითხებს:

  • ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა? არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?
  • ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წლის პირველი სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომის მდივანი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) იყო. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. 

კომენტარები