აშშ-ჩინეთი

სი ძინფინგთან პირველი სატელეფონო ზარისას ბაიდენმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა

სი ძინფინგი და ჯო ბაიდენი

აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენმა მასთან საუბარში სინძიანგის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხი წამოსწია. მან ასევე ილაპარაკა ჰონგ-კონგზე, ტაივანზე და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.

სატელეფონო საუბარში ბაიდენმა სი ძინფინგს უთხრა, რომ ჩინეთთან ითანამშრომლებს, როდესაც ეს ამერიკელი ხალხისათვის სარგებლის მომტანი იქნება.

"პრეზიდენტმა ილაპარაკა ოფიციალური პეკინის ზეწოლის და უსამართლო ეკონომიკური საქმიანობის, ჰონგ-კონგში სადამსჯელო ღონისძიებების, სინძიანგში ადამიანის უფლებათა დარღვევის, რეგიონში, მათ შორს ტაივანის მიმართ მზარდი აგრესიული ქმედებების გამო არსებულ შეშფოთებაის შესახებ". - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჩინური სახელმწიფო მედიის მიხედვით კი, სი ძინფინგმა ბაიდენი გააფრთხილა, რომ ცუდი ურთიერთობები ორივე ქვეყნისათვის კატასტროფული იქნება. CCTV-ს მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს მნიშვნელოვან საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაგმო სინძიანგის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევები მას შემდეგ, რაც გავრცელდა ახალი ინფორმაცია წამების და სხვა დანაშაულების შესახებ. სინძიანგსა და ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აშშ-მ ჩინეთს უკვე არაერთი სანქცია დაუწესა.

კომენტარები