ტექნოლოგიური ომი

Huawei-ს CEO-ს ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს

რენ ჟენგფეი
ფოტო: digitalphablet.com

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ რენ ჟენგფეის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. 

ჟენგფეის თქმით, მას დიდი სურვილი აქვს, გაესაუბროს პრეზიდენტ ბაიდენს და ერთად განიხილონ ახალი სამოქმედო გეგმები. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა კომპანია Huawei-ის მიმართ იქნება შედარებით ღია და ლმობიერი. 

“Huawei-სა და აშშ-ის თანამშრომლობა ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება. თუკი Huawei-ის წარმოების მოცულობა გაიზრდება, ეს ამერიკული კომპანიების მიწოდების შესაძლებლობების ზრდასაც გამოიწვევს“. – ამბობს ჟენგფეი. 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ Huawei ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, რის გამოც, ამერიკულ კომპანიებს Huawei-სთან თანამშრომლობა აეკრძალათ. 
ამერიკული ნახევარგამტარებისა და Android-ის გარეშე დარჩენილი Huawei-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად დაეცა. 

TrendForce-ის ვარაუდით, 2021 წლის ბოლოს Huawei გლობალური სმარტფონების მწარმოებლების მესამე ადგილიდან მეშვიდეზე ჩამოვარდება. 

ტრამპის ადმინისტრაცია კომპანია Huawei-ის ჩინეთის კომუნისტური მთავრობის სადაზვერვო საქმიანობებსა და შპიონაჟში ადანაშაულებდა.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, Huawei-ის ტექნოლოგიები ჩინეთის კომპარტიას თვალთვალისა და ინტელექტუალური საკუთრების მითვისების საშუალებას აძლევს. 

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა Huawei-ს მიმართ, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება და აშშ კვლავაც მკაცრს პოზიციას შეინარჩუნებს. 

ჟენგფეის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, Huawei-ის მიმართ პოლიტიკის შერჩევისას, აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს გაითვალისწინებს და ორივე მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. 
 

კომენტარები