კორონავირუსი საქართველოში

ნაცვლიშვილი: ხელისუფლებამ გაასაჯაროვოს ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჯარო მიმოწერა

ანა ნაცვლიშვილი
ლელო

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯარო გახადოს ყველა სახის მიმოწერა, რომელიც საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის მიღებას უკავშირდება. 

ნაცვლიშვილის განმარტებით, დღეს ხელისუფლება პანდემიას ვერ მართავს და მუდმივ გახსნა-ჩაკეტვის რეჟიმშია. 

"ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს არ არის პანდემიის მართვა. ჩაკეტო ყველა და დატოვო სახლში და მერე უცებ, როცა საზოგადოებრივი ტემპერატურა აიწევს თქვა, რომ კარგი გავხსნი ქვეყანას,  ნუ იქნება ოღონდ ბუნტი – ეს არ არის პანდემიის მართვა. 

პანდემიის მართვა არის ორი საკითხის გადაწყვეტა ძალიან ეფექტურად,  პირველი  – მხოლოდ აუცილებელი, გონივრული და პროპორციული შეზღუდვების დატოვება და მათი აღსრულების სამართლებრივი კონტროლი და მეორე – სასწრაფოდ ვაქცინაციის დაწყება. სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით გახსნა-ჩაკეტვის რეჟიმში". – ამბობს ნაცვლიშვილი. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ინფორმაციის დამალვას შეეცდება, ისინი სამართალწარმოებას დაიწყებენ. 

"დღეს მე მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას და მოვთხოვო კანონის შესრულება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მოვითხოვ ყველა ოფიციალური მიმოწერის გასაჯაროებას ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, რა გააკეთა თითოეულმა შესაბამისმა უწყებამ, რა ოფიციალური მიმოწერა აწარმოა შესაბამის უწყებებთან საზღვარგარეთ, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა ვაქცინა ან გვქონდეს ერთ თვეში ვაქცინების შესაბამისი დოზა. 

კანონით ჩვენ გვაქვს ამ ინფორმაციის მიღების უფლება, ხოლო ხელისუფლებას კონსტიტუციით აქვს ვალდებულება ეს ინფორმაცია სრულყოფილად გახადოს ხელმისაწვდომი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის". – ამბობს ნაცვლიშვილი. 


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ, 30 იანვარს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება.

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი. 

რას ითვალისწინებს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა, ვის როდის შეეძლება აცრა მთავრობის გეგმის მიხედვით და სად იქნება ეს შესაძლებელი - წაიკითხეთ აქ 

კომენტარები