რუსული ოკუპაცია

გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებული სამეფო გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას". – ნათქვამია განცხადებაში. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

კომენტარები