ნიკა მელიას საქმე

დეკანოიძე პროკურატურაზე: ოპოზიციის დაშინების, ხელების გადაგრეხის პრინციპს უკავშირდება

Khatia Dekanoidze / Facebook

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადების შინაარსი, რომ თუ ნიკა მელია გირაოს ერთ კვირაში არ გადაიხდის, უწყება  პატიმრობას მოითხოვს, პოლიტიკური დევნის გაგრძელება და ოპოზიციის დაშინების მცდელობაა.

"მსგავსი აბსურდული განცხადება იშვიათად მომისმენია ამ პროკურატურისგანაც კი. რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან, პირველი ეს არის ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება და დევნა პოლიტიკური [ოპოზიციური] პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და, გარდა ამისა, გრძელდება ყველა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას  ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის [...] ესენი ფიქრობენ, რომ, თუ პოლიტიკური დევნა განხორციელდება, ამ ადამიანების შეჩერება შეიძლება. ეს უკავშირდება, ჩემი გადმოსახედიდან, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას, ხელების გადაგრეხის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს და ოპოზიცია დააშინონ". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 5 თებერვალს, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ, თუ ნიკა მელია გირაოს ერთ კვირაში არ გადაიხდის, უწყება ენმ-ს ლიდერის პატიმრობას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ გირაო, 40 000 ლარი განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიან ვადას მისცემენ და "განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე."

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები