თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს სადგური გოცირიძე 8 თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება. მერია მიზეზად "სრულმასშტაბიან სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს" ასახელებს.
მერიის ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნის შემდეგ თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებს. გამონაკლისი იქნება კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.
- გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:
- ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
- კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.
ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.