ევროკავშირი-რუსეთი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთში ვიზიტს იწყებს

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი დღეს, 4 თებერვალს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრებისას დააყენებს ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის დაკავების საკითხს.

"ალექსეი ნავალნის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული და რუსეთის მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. ამ საკითხს წამოვწევ მოსკოვში მიმდინარე კვირას ჩემი ვიზიტისას. საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს შესაძლო სამომავლო ქმედებებს."

2017 წლის შემდეგ ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტია მოსკოვში. ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერმა ნავალნის დაკავების გამო ბორელს ვიზიტის გაუქმებისაკენ მოუწოდა, თუმცა ბორელმა თქვა, რომ კრემლს "ნათელ მესიჯს" გადასცემს:

"როდესაც საქმეები კარგად არ მიდის, სწორედ მაშინ უნდა ჩაერთო". - თქვა მან.

კრემლში კი განაცხადეს, რომ ევროკავშირთან კავშირების ჩამოყალიბებისათვის ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა ნავალნის საკითხზე მათი რჩევების მოსმენას არ აპირებენ:

"იმედი გვაქვს, რომ ასეთი აბსურდი, როგორიცაა რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები, არ გახდება გადაჯაჭვული ერთ პატიმარზე". - თქვა პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის დაკავების გამო რუსეთისათვის დამატებითი სანქციების დაწესებას 22 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.


2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები