აშშ-რუსეთი

კარპენტერი: ჯო ბაიდენს პუტინის რეჟიმთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვს

მაიკლ კარპენტერი

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი msnbc-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტს პუტინის რეჟიმთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვს:

"პრეზიდენტ ბაიდენს არ აქვს ილუზიები პუტინის რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით, მას კარგად ესმის მისი ავტორიტარული და კლეპტოკრატიული ბუნება. ვფიქრობ, პრეზიდენტი ბაიდენი უკვე შეეჭიდა ორ საკითხს, ერთდროულად გაახანგრძლივა START-ის შეთანხმება, რათა უზრუნვლყოფილი ყოფილიყო სტრატეგიული სტაბილურობა აშშ-სა და რუსეთს შორის, შენარჩუნებულიყო ლიმიტი ბირთვულ იარაღზე და გახანგრძლივებულიყო ამის შემოწმების ბერკეტები 2026 წლამდე, რაც დიდი მიღწევაა, მაგრამ ახლა მას ასევე უწევს გაუმკლავდეს ამ აღმაშფოთებელ ქცევას ალექსეი ნავალნის მიმართ.

იმავე პოლიტიკურმა აპარატმა, რომელმაც ნავალნი მოწამლა, ახლა მას პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ მოწამლეს. ეს სიგიჟეა. მე ვფიქრობ, რომ ბაიდენს აქვს არაერთი საშუალება, რომლის გამოყენებაც შეუძლია მომდევნო კვირებში. ეს მოიცავს მაგნიტსკის აქტს, თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან იმის განსახილველად, თუ კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს.

მოხარული ვარ, რომ აშშ შეუერთდა დიდი შვიდიანის პარტნორების მკაცრს განცხადებას ნავალნის დაკავების თაობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგად ვთანამშრომლობთ ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან."

მან რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა:

"მოხარული ვიქნები, თუ ტრანსატლანტიკური საზოგადოება გაერთიანდება რუსეთისათვის მის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო სხვა საფასურის დაწესების საკითხზე, რათა მხოლოდ საპასუხო სანქციებით არ შემოვიფარგლებოდეთ და სხვა საშუალებებიც გვქონდეს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ამ მიმართულებით "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის მშენებლობის შეჩერებაა. თუ ეს მოხდება, ამას კრემლზე ყველაზე დიდი გავლენა ექნება".

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 4 თებერვალს ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვევა და ვრცლად ისაუბრებს საგარეო პოლიტიკის მისეულ ხედვასა და გეგმებზე.

კომენტარები