იტალია

იტალიის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირების მანდატს მარიო დრაგის მისცემს

მარიო დრაგი

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დღეს ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს, მარიო დრაგის შეხვდება და ახალი მთავრობის ფორმირების მანდატს მისცემს.

გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილი პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა, პარტიების ლიდერები კი ახალ კოალიციაზე ვერ შეთანხმდნენ.

სერჯო მატარელა იმედს გამოთქვამს, რომ ახალ მთავრობას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რადგან ალტერნატივა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

მიუხედავად ამისა, იტალიური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 5 ვარსკვლავის მოძრაობა დრაგის მთავრობას მხარს არ დაუჭერს. კოალიციაში მათ პარტნიორ დემოკრატიული პარტიაში კი განაცხადეს, რომ მზად არიან, მარიო დრაგის მხარი დაუჭირონ. მსგავსი განცხადება გააკეთა მატეო რენციმაც. სწორედ მისი პარტიის კოალიციიდან გასვლას მოჰყვა წინა მთავრობის დაშლა.

პარტია ჩრდილოეთის ლიგის ლიდერმა, მატეო სალვინიმ კი თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ახალი პრემიერმინისტრი, მთავარია რის გაკეთებას გეგმავს ის.

"ჩვენ 5 პრიორიტეტი გვაქვს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, დავუჭერთ თუ არა მხარს". – თქვა მან.

მარიო დრაგი, 73 წლის იტალიელი ეკონომისტი, 2011-2019 წლებში ევროპის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა. მის პრეზიდენტობას დაემთხვა ევროზონის კრიზისი. წარსულში ის იყო იტალიის ბანკის ხელმძღვანელიც, მუშაობდა მსოფლიო ბანკში და იტალიის ხაზინაში. 


წინა კოალიციური მთავრობა დაშლის პირას მას შემდეგ მივიდა, რაც მატეო რენცის პარტია გამოეყო. მას შემდეგ ჯუზეპე კონტემ შეძლო დარჩენილი, უმცირესობის მთავრობისათვის პარლამენტის ორივე პალატაში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა პარლამენტის ზედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა, რაც სამომავლოდ საკამათო კანონმდებლობის მხარდაჭერის მოპოვებას გაურთულებდა. დაგეგმილი იყო სასამართლო რეფორმების განხილვა, რის გამოც კონტემ მიიღო გადაწყვეტილება დაეშალა კოალიცია და ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა, რომელიც მეტი მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდა. ამისათვის ის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა.

ყოფილი პრემიერმინისტრის, მატეო რენცის პარტიამ კოალიცია კორონავირუსის და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების სტრატეგიებზე უთანხმოების გამო დატოვა. რენცის თქმით, კონტემ პანდემია ძალაუფლების ცენტრალიზებისათვის გამოიყენა და არ აკეთებს საკმარისს განათლების, ინფრასტრუქტურისა და კორონავისურთან გამკლავების თვალსაზრისით. მისი პარტია ეწინააღმდეგება კონტეს მთავრობის გეგმას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 209 მილიარდი ევროს დახარჯვის თაობაზე.

მატეო რენცის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბებამდე, 2018 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი სამთავრობო კოალიცია, რომელსაც სათავეში ჯუზეპე კონტე ჩაუდგა, შედგა 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და ჩრდილოეთის ლიგას შორის. ევროკომისიის პრეზიდენტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე უთანხმოების შედეგად ეს კოალიცია 2019 წელს დაიშალა. ამის შემდეგ 5 ვარსკვლავის მოძრაობამ კოალიცია შექმნა დემოკრატიულ პარტიასთან. მალევე რენციმ დემოკრატიული პარტია დატოვა და Italia Viva ჩამოაყალიბა.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდება, იტალიაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს, 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და დემოკრატიულ პარტიას ვადამდელი არჩევნების თავიდან აცილება სურთ, რადგან, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვებას მემარჯვენე პარტიები, ბერლუსკონის Forza Italia და სალვინის ჩრდილოეთი ლიგა მოიპოვებენ.

კომენტარები