აშშ-ირანი

ზარიფი: ევროკავშირს შეუძლია, ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-სა და ირანის დაბრუნებას უშუამდგომლოს

მუჰამედ ჯავად ზარიფი
AFP

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-სა და ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების გზაზე ისაუბრა. ზარიფმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს შეუძლია, ორი ქვეყნის შეთანხმებასთან დაბრუნების პროცესს უხელმძღვანელოს.

ზარიფის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აშშ-სა და ირანის 2015 წლის შეთანხმებაში დაბრუნების პროცესში კოორდინატორის როლი უნდა ითამაშოს. ირანის საგარეო მინისტრი აღნიშნავს, რომ ბორელს შეუძლია, გაწეროს როგორ მოიქცეს აშშ და როგორ მოიქცეს ირანი.

"შეიძლება არსებობდეს მექანიზმი, რომ მოხდეს გადასადგმელი ნაბიჯების სინქრონიზაცია ან კოორდინაცია" .– აღნიშნავს მუჰამედ ჯავად ზარიფი.

"ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას და ირანი მზად იქნება დაუყოვნებლივი პასუხისთვის". – ამბობს ზარიფი.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. 

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

ბირთვული შეთანხმება აშშ-მ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2018 წელს დატოვა, რის შემდეგაც ტრამპმა ირანს სანქციები დაუწესა. ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ამან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მხოლოდ გაამწვავა და გააძლიერა ირანის აშშ-სთან დაპირისპირება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ირანი გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევას, მათ, შესაძლოა, ატომური იარაღისთვის საკმარისი მასალა რამდენიმე კვირაში ჰქონდეთ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის შეთანხმებაში დაბრუნდეს, თუ ირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს და შემდეგ პარტნიორებთან ერთად იმუშაოს უფრო ხანგრძლივ და მრავლისმომცველ შეთანხმებაზე. თუმცა ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაში დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება. აშშ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ირანი შეთანხმების პირობებს ასრულებს.

თავის მხრივ ზარიფი ამბობს, რომ ირანი "ერთ დღეზე ნაკლებ დროში" შეძლებს თავის ვალდებულებებს დაუბრუნდეს.

გასულ თვეს ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო.

კომენტარები