კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საპატრიარქო ილია II-ისთვის პარაკლისების გადახდაზე: ჯანმრთელობის გაუარესებას არ უკავშირდება

მთავარი არხი

"შეთანხმდნენ, რომ [მღვდელნთავრები] იმსახურებენ ხოლმე დროდადრო პატრიარქის ჯანმრთელობას [-ისთვის ლოცვას]. არაფერი განსაკუთრებული". – ასე პასუხობს ტაბულას კითხვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, თუ რატომ სურთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიაში ილია მეორეს ჯანმრთელობის პარაკლისები გადაუხადონ.

ტაბულას კითხვაზე, თუ როგორია კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დეკანოზი ანდრია გვპასუხობს: 

"არაფერი, არაფერია ახალი, ნორმალურადაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ უკავშირდება. უბრალოდ, მათ, როგორც სულიერმა შვილებმა გამოხატეს ასეთი სურვილი, რომ ილოცონ მოძღვრისთვის, ასეთი სახით, ერთდროულად აღავლინონ წირვა". – აბობს ანდრია ჯაღმაიძე ტაბულასთან საუბარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიამ, თავის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდის შესახებ.

ეპარქიის განცხადებები:

"ხვალ, 29 იანვარს (პარასკევს) 10:00 საათზე, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ჯანმრთელობისათვის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს საღმრთო ლიტურგიას, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში". – წერს მარგვეთისა და უბისის ეპარქია.

პარაკლისი გადაიხადეს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაშიც:

"დღეს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, სამღვდელოებასთან ერთად, აღავლინა საღმრთო ლიტურგია - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისათვის.

წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა ილარიონმა შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა და უწმინდესს დიდხანს სიცოცხლე, სულიერი სიხარული და ხორციელი ძალები უსურვა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ". – წერია ოფიციალურ გვერდზე.

"დღეს 29 იანვარს, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ჯანმრთელობისათვის, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა საღმრთოლიტურგია, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში.ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი". – წერია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადებაში.

კომენტარები