კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

რატომ იხდიან ეპარქიები პარაკლისებს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიამ, თავის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდის შესახებ.

განახლება: ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისთვის.

პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა: "შეთანხმდნენ, რომ [მღვდელნთავრები] იმსახურებენ ხოლმე დროდადრო პატრიარქის ჯანმრთელობას [-ისთვის ლოცვას]. არაფერი განსაკუთრებული".

კითხვაზე როგორია კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეკანოზი ანდრია გვპასუხობს - "არაფერი, არაფერია ახალი, ნორმალურადაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ უკავშირდება. უბრალოდ, მათ, როგორც სულიერმა შვილებმა გამოხატეს ასეთი სურვილი, რომ ილოცონ მოძღვრისთვის, ასეთი სახით, ერთდროულად აღავლინონ წირვა".

ეპარქიის განცხადებები:

"ხვალ, 29 იანვარს (პარასკევს) 10:00 საათზე, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ჯანმრთელობისათვის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს საღმრთო ლიტურგიას, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში", - წერს მარგვეთისა და უბისის ეპარქია.

პარაკლისი გადაიხადეს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაშიც:

"
დღეს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, სამღვდელოებასთან ერთად, აღავლინა საღმრთო ლიტურგია - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისათვის.

წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა ილარიონმა შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა და უწმინდესს დიდხანს სიცოცხლე, სულიერი სიხარული და ხორციელი ძალები უსურვა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - წერია ოფიციალურ გვერდზე.

"დღეს, 29 იანვარს, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ჯანმრთელობისათვის, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა საღმრთო ლიტურგია, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში.ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი", - წერია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადებაში.


 

კომენტარები