არჩევნები 2020

ნიჟარაძე ISFED-ზე: მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც დაუღალავად ვლაპარაკობდი

ფორმულა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რასაც ის არჩევნების შემდეგ დაუღალავად ლაპარაკობდა. ნიჟარაძე Facebook პოსტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს "ყველაზე ცუდ არჩევნებს" უწოდებს წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღითა და საჩივრების განხილვის პროცესით. 

"ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ვლაპარაკობდი. შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემები და ამის არასათანადოდ შესწავლა იყო ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ეს არის, რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. თავის დროზე რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა.

ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაც მანამდე ბევრჯერ ვთქვი. ჩემი არჩევნებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არჩევნები ნამდვილად იყო ყველაზე ცუდი არჩევნები თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღით და შემდგომ პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესით. ამან გამოიწვია სწორედ ის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელში ცხოვრებაც გვიწევს.

იმედია, ამით დამთავრდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი პარტიის თავდასხმები, რომელიც რეალური პრობლემების გადაფარვას ემსახურება მხოლოდ და პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ". – წერს ნიჟარაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მ ხელახლა გადათვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების PVT უბნები და საბოლოო ანგარიშში დაადგინა, რომ მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს. 8%-იანი დისბალანსის შესახებ ორგანიზაცია პირველად ანგარიშებშიც საუბრობდა.

11 სექტემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატებოდა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში. 

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ISFED-ს ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებდა.

კომენტარები