Novavax

ჯონსონი Novavax-ზე: კარგი ამბავია, ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელი ვაქცინას შეაფასებს

ბორის ჯონსონი
Twitter

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა ამერიკული ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის Novavax-ის მიერ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ცდების წინასწარ მონაცემებს, რის მიხედვითაც ვაქცინის კანდიდატი 89.3%-ით ეფექტიანია Covid-19-ის წინააღმდეგ. 

"კარგი ახალი ამბავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ცდებით, Novavax ეფექტიანია" - წერს ჯონსონი.

მან მადლობა გადაუხადა ყველა მოხალისეს. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელი ახლა ამ ვაქცინას შეაფასებს, რომელსაც ინგლისში, თისაისში აწარმოებენ. 

"დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ შეკვეთილი გვაქვს 60 მილიონი დოზა". - წერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი

ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა თქვა, რომ დამტკიცების შემთხვევაში Novavax-ის ვაქცინა მნიშვნელოვნად დაეხმარება ვაქცინაციის პროგრამას და "კიდევ ერთი იარაღი იქნება ამ საშინელი ვირუსის დასაძლევად".

მან მეცნიერებს, მკვლევრებსა და მოხალისეებს მადლობა გადაუხადა. 

ბრიტანეთში დამტკიცებულია Oxford-ის და AstraZeneca-ს, Pfizer-ის და BioNTech-ის და ასევე, Moderna-ს ვაქცინები. გაერთიანებულ სამეფოში Covid-19-ის ვაქცინის პირველი დოზა უკვე დაახლოებით 7,5-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა, მეორე დოზა კი თითქმის ნახევარმა მილიონმა. 100 ადამიანისათვის გაკეთებული ვაქცინის დოზებით ბრიტანეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. 

Novavax-ში განაცხადეს, რომ კლინიკური ცდის მესამე ფაზაში 15 000-ზე  მეტმა 18-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათი 27% 65 წელს გადაცილებული პირები იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ცდის პირველადი მონაცემებით, ვაქცინა 85.6%-ით ეფექტიანია ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ. 

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული შუალედური ეტაპის ცდით, სადაც კორონავირუსის ახალი შტამია გავრცელებული, Novavax-ის ვაქცინა 60%-ით ეფექტიანია იმ ადამიანებში რომლებსაც HIV არ აქვთ. 

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დამტკიცდება, გაერთიანებულ სამეფოს ამ ვაქცინის 60 მილიონი დოზა ექნება. ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნეს, რომ დამტკიცების შემთხვევაში ვაქცინის დოზები წელიწადის მეორე ნახევარში ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ Novavax-ის ვაქცინის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-დან 8 გრადუსამდე. 

კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ეს შუალედური მონაცემებია და ელიან, რომ ორ ან სამ თვეში იქნებიან მზად იმისათვის, რომ მარეგულირებლებს ვაქცინის დამტკიცებისთვის მიმართონ. 

კომპანია ამჟამად განიხილავს, არის თუ არა საკმარისი დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის მონაცემები იმისთვის, რომ აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას მიმართონ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის . 

ახალი ამბის გავრცელებიდან მალევე Novavax-ის აქციები 34%-ით გაიზარდა.

კომენტარები