დავითგარეჯის საქმე

პროკურორი: ილიჩოვა და მელაშვილი მაღალი თანამდებობის პირების დავალებით მუშაობდნენ

"ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის". - ამის შესახებ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა. 

სადირაძის თქმით, გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ არის მიმართული. მისივე ინფორმაციით, გამოკითხვაზე უკვე ერთი პირია დაბარებული. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში. დღეს არის წინასასამართლო სხდომა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული. ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად ამოვწურეთ. ჩვენ ამ მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი, გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის. ამ მიმართულებით, საგამოძიებო ორგანო ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვისაც ცნობილია, რომ უკვე ერთი პირია გამოკითხვაზე დაბარებული". - ამბობს სადირაძე. 

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ საქართველო-აზებაიჯანის საზღვრის დელიმიტალია-დემარკაციის კომისიის უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას დავითგარეჯის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალოთ. 

პარალელურად, პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მანჯგალაძე დაიბარეს. 

 როგორც მანჯგალაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან თქვა, ის არ გაცნობია საქმის დეტალებს და კითხვებს გამოკითხვის შემდეგ უპასუხებს. 

 


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები