რელიგიური შოვინიზმი ეკლესიაში

"ბაბუაშენამდე ჩემი მამა-პაპა იყო აქ" - მეუფე გიორგი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში ეთნიკურად აზერბაიჯანელ  მოქალაქეებს ადგილობრივი ეპარქია უპირისპირდება. გლეხები სოფლის მიმდებარედ არსებული მიწების დამუშავებას ცდილობდნენ, რის გამოც წინააღმდეგობას წააწყდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსისგან, გიორგი ჯამდელიანისგან. ადგილზე მისულმა ეპისკოპოსმა, TDI-ს შეფასებით, მოსახლეობასთან საუბრისას შუღლის გამღვივებელი კომენტარები გააკეთა.

ეპისკოპოსმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შელაპარაკებისას თქვა, რომ ეს მიწები ისტორიულად ეპარქიას ეკუთვნის და თუ სახელმწიფო არ დაიცავს მათ ინტერესებს, ისინი მზად არიან ფიზიკური წინააღმდეგობაც გასწიონ მიწების დასაცავად.

"სანამ შენი ბაბუა იქნებოდა, ჩემი მამა-პაპა იყო აქ, ამ მიწა წყალზე. მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. შენ ხომ მითხარი ისტორია კარგად ვიციო, მაშინ ეხა არ იცი ამ ქვეყანას რა ჰქვია? მე არ ვიცი საიდან იმართება ეს პროცესები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ ატარებს ეს ყველაფერი პროვოკაციულ ხასიათს, გესმით? ერთი რამე ყველამ კარგად გაიგოს, ჩვენ არავის საკუთრებაში არ ვვარდებით და ნურც ჩვენ საკუთრებას ნურავინ ნუ შეეხება, იმიტომ, რომ თუ სახელმწიფო არ აღმოჩნდება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენს უფლებებს არ დაიცავს, ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალსაც და ჩვენს უფლებებსაც". – ამბობს ეპისკოპოსი
 


მარნეულში განვითარებულ დაპირისპირების შედეგად ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ტაბულასთან პრობლემის შეფასებისას მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული სამართლიანი, სეკულარული პოლიტიკა და თავიდან აირიდოს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის ახალი კერის გაჩენა.

 

კომენტარები