მე-10 მოწვევის პარლამენტი

შესაძლოა, პარლამენტში კიდევ ერთი პარტია ვიხილოთ – თალაკვაძე ელისაშვილთან შეხვედრის შემდეგ

არჩილ თალაკვაძე

"შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია" – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტია მოქალაქეების ლიდერებთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ.

"პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ, ვფიქრობ, ეს, შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს პოზიტიური შედეგით - ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით. საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა". – თქვა თალაკვაძემ.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. ელისაშვილმა ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "ქართული ოცნება უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. მანამდე იყო 5 გვარი და იმ 5-დან გამოვიდა 2.  ძალიან მძიმედ არის ეს საქმე". 

პარტია მოქალაქეების ლიდერებს – ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასევე, მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს გირჩის სამ წევრს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები