2008 წლის აგვისტოს ომი

აშშ-ს საელჩო სტრასბურგზე: დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოთხოვნას, შეწყვიტოს რუსეთმა ოკუპაცია

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი პასუხისმგებლად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომლებიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ამერიკის საელჩო საქართველოში ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. 12-წლიანი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, სასამართლომ 8-დან 6 მუხლში რუსეთი დამნაშავედ ცნო.

კომენტარები