კორონავირუსი საქართველოში

აჭარა, სავაჭრო ცენტრები, სკოლები - რა შეზღუდვების მოხსნაზე იმსჯელეს მთავრობის სხდომაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით იმსჯელა და ძირითადად, ეს აჭარის რეგიონს ეხებოდა. მან რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემცირების ყველაზე დადებითი დინამიკა სწორედ აჭარის რეგიონშია.

"მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აჭარასთან მიმართებითაც ვიქნებით საკმაოდ ფრთხილები.

დამატებითი კომპონენტი ასევე იყო სავაჭრო ობიექტები, რომელმაც აჩვენეს საკმაოდ კარგი შედეგები, როდესაც დავუშვით გამონაკლისი და საახალწლო პერიოდში მივეცით საშუალება, ჩართულიყვნენ ეკონომიკურ საქმიანობაში.

ეს ორი კომპონენტი იყო განხილული. და ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობა და უშუალოდ სკოლებში მათი სიარულის დაწყება, ამასთან მიმართებითაც იყო გარკვეული მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილებას საბჭო საერთო ფორმატში მიიღებს ხვალ". - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კორონავირუსის გავრცელების გამო 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები 18 იანვარს უნდა მოხსნილიყო, თუმცა, მთავრობამ გახსნის გადაწყვეტილება მინიმუმ 1 თებერვლამდე გადაავადა. ამ დრომდე დაკეტილი იქნება სავაჭრო ცენტრები, ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და სხვა ბიზნესობიექტები.

კომენტარები