უიღურები

აშშ-მ ჩინეთის ქმედებები უიღურების წინააღმდეგ გენოციდად გამოაცხადა

The Article

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციანში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაზე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა

აშშ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უიღურების წინააღმდეგ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევები გენოციდად შეაფასა. 

ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე მიიღეს. 

"არსებული ფაქტების ფრთხილად გამოკვლევის შემდეგ, მე დავადგინე, რომ, სულ მცირე, 2017 წლის მარტიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობითა და კონტროლით სინძიანგში ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, უპირატესად მუსლიმ უიღურთა და ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების სხვა წევრების წინააღმდეგ", - თქვა პომპეომ.

მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გენოციდი ჩაიდინა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ დანაშაულების ჩადენა კვლავ გრძელდება, რაც მოიცავს, ერთი მილიონი ადამიანის იძულებით დაპატიმრებას, დაკავებულების წამებას, იძულებით სტერილიზებას, იძულებით მუშაობას, რელიგიური თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და გადაადგილების თავისუფლების შელახვას.

ეს არის 2016 წლის მარტის შემდეგ პირველი განსაზღვრა გენოციდად, როდესაც აშშ-ს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ თქვა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“,  რეგიონის იეზიდური, ქრისტიანული და შიიტი მუსლიმი უმცირესობების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაზე იყო პასუხისმგებელი. 2017 წლის აგვისტოში სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმაც დაასკვნა, რომ ისლამური სახელმწიფო გენოციდის ჩადენაზე ნამდვილად იყო პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პოველმა გამოაცხადა, რომ სუდანის მთავრობამ გენოციდი ჩაიდინა დარფურში ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ დანაშაულის გამოძიება დაიწყო, მოგვიანებით კი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გენოციდში დაადანაშაულეს. 

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის კამპანიამ მიმდინარე წლის აგვისტოში სინძიანგში უიღური მუსლიმებისადმი მოპყრობა გენოციდად შეაფასა.  ასევე, კამპანიის დროს ბაიდენმა ჩინეთის მმართველი, სი ძინფინგი, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოროტმოქმედად მოიხსენია.

15 იავარს აშშ-ს კონგრესის აღმასრულებელიმა კომისიამ ჩინეთზე (CECC) განაცხადა, რომ გასულ წელს იმის ახალი მტკიცებულება გავრცელდა, რომ ჩინეთის სინაძიანგის პროვინციაში "კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და, სავარაუდოდ, გენოციდი, ხდება". კომისია ჩინეთს ადანაშაულებს აშშ-ში უიღურების შევიწროებაშიც. 

თავდაპირველად, აგვისტოში Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის ქმედებების გენოციდად გამოცხადებისკენ ნაბიჯების გადადგმას განიხილავდა.

კომუნისტური ჩინეთი სინძიანგში ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასობით ათას უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები